აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

2019.08.07 14:03:57
აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2-ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130-ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

 

ზუსტად 11 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.

 

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. 

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა. “11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

უწყება აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.

 

 

წყარო: იმედინიუსი