"ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი"- ილია მეორე

2019.07.12 14:57:04
"ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი"- ილია მეორე

ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და პეტრე-პავლობა მიულოცა.

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, პეტრე-პავლობას. პეტრე და პავლე მოციქულები მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველნი არიან. არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმიდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ეკლესია, სვეტიცხოველი 12 მოციქულთა სახელზე აშენდა. პეტრე და პავლე ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დავალებით მოვიდნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

მისივე თქმით, პავლე მოციქული ასევე არის დიდი მქადაგებელი და დიდი მოღვაწე.

 

„მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს. ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია - ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

წყარო: იმედინიუსი