ბიჭი, რომელსაც კალაძემ მზიურში ჯიხური გადასცა, მეტროში მოწყალებას ითხოვს

2019.06.07 14:03:15
ბიჭი, რომელსაც კალაძემ მზიურში ჯიხური გადასცა, მეტროში მოწყალებას ითხოვს

გიგი ანთაძე საზოგადოებას კარგად ახსოვს. 15 წლის ბიჭმა თავი განსაკუთრებით მაშინ დაგვამახსოვრა, როდესაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 1 წლის წინ მას მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა, სადაც მოზარდმა წვენების გაყიდვა დაიწყო.

 

ბოლო პერიოდში კი სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მცირე ბიზნესით დაკავებულმა ბიჭუნამ, მოწყალების თხოვნა დაიწყო.

 

 

„გიგი ანთაძე. მისი პატარა ბიზნესი რომელსაც მისთვის შემოსავალი მოჰქონდა, "კეთილმა" მერმა ისეთ ადგილას გადაუტანა პერსპექტივა რომ არ ექნებოდა. მერე გაუქურდეს კიდეც "მოხერხებულებმა", ესეც იმაზე მეტყველებს რომ იქ არაფერია დაცული, გუშინ კი მეტროში ის მოწყალებას ითხოვდა, მოძრავ მატარებელში ისე უჭირდა გადაადგილება მგზავრების ნახევარი მის დასახმარებლად ვმობილიზდით, ზოგი ფულს ვკრეფდით რომელიც მუდმივად ძირს უცვიოდა, ზოგი ჯოხს, ზოგს ის თავად ეჭირა რომ არ წაქცეულიყო. ყველამ იცნო და ასე ერთად ხელგაშლილი ამდენი ხალხი აღარ მინახავს. ჩემი ძმისთვის ვაგროვებ ფულსო. რადიო და ჩანთა ჰქონდა ცოტას გაგართობთო რადიო ჩართო. მისი გასვლის შემდეგ ერთი გოგონა სახეს მალავდა, მაგრამ დავინახე ჩანთაში სადაც ხელსახოცს ეძებდა ცრემლები ჩაუცვივდა. მისი ვითომ ხელისშეწყობა ასე დიდი ზარზეიმით აღნიშნა კახი კალაძემ.“ - წერს ლია ირემაშვილი.

 

 

წყარო:  ალია