შსს-ს განმარტება მართვის მოწმობის აღების ახალ წესებზე

2019.06.03 19:41:33
შსს-ს განმარტება მართვის მოწმობის აღების ახალ წესებზე

მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი გახდება, – შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

 

მიმდინარე წელს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება, როგორც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში, ასევე  – დახურულ საგამოცდო მოედანზე.

 

გარდა ამისა, შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა. პრაქტიკულ გამოცდაზე თითოეული ეტაპის საფასური დგინდება დამოუკიდებლად.

 

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია – 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 90 ლარი.

 

A, C, D, BE, CE, DE კატეგორიის და A1, A2, B1, C1, D1, C1E და D1E ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 150 ლარი.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროდირექტივის მოთხოვნების შესრულებას. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტი დაახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას დაემატება ახალი ეტაპი, რეალურ საგზაო პირობებში მოძრაობა, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

 

ასევე, ევროდირექტივის თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ, კატეგორიები მოვიყვანოთ თანხვედრაში ევროკავშირის კატეგორიებთან. შესაბამისად, დაგვემატება ახალი კატეგორიები – M კატეგორია და A2 კატეგორია. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტშია ასახული, არის ის, რომ დავიწყებთ მოპედების რეგისტრაციას. მოპედების კატეგორია არის M კატეგორია და შესაბამისად, მხოლოდ თეორიული გამოცდით იქნება შემოფარგლული.

 

A2 კატეგორია არის A კატეგორიის, ანუ მოტიციკლის კატეგორიის ქვეკატეგორია, სადაც სავალდებულო იქნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

 

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოხდება ყველა იმ ქალაქში, სადაც ვართ წარმოდგენილნი სერვისცენტრებით, გარდა თბილისისა. პირველ ეტაპზე იქნება შეზღუდვები ზუგდიდსა და ფოთში, რადგან იქ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ.