ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებელი უკვე ცნობილია

2019.03.20 14:32:14
ჰაერის დაბინძურების ახალი მაჩვენებელი უკვე ცნობილია

გარემოს ეროვნულის სააგენტოს ცნობით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვისას გაირკვა, რომ ზოგიერთი ნივთიერების შემცველობა ნორმას აჭარბებს.

კერძოდ, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

12 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა: ქუთაისში 1.8-ჯერ და ქალაქ ბათუმში – 1.3-ჯერ.

13 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცვლელი ჰაერის მასების გავრცელების გამო ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ქალაქ ბათუმში -1.2-ჯერ, ქუთაისში -1.6-ჯერ, რუსთავში - 2.2-ჯერ, ხოლო თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, – უმნიშვნელოდ.

14 მარტს ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა მხოლოდ რუსთავში – 1.6-ჯერ, 15 მარტს ქუთაისსა და რუსთავში – უმნიშვნელოდ; 16 მარტს – ისევ მხოლოდ რუსთავში 1.1-ჯერ. 17 და 18 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1,1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე – 1.6-ჯერ.

სააგენტოს განცხადებით, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იყო ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის ა მიკრორაიონში, 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ვარკეთილის IV მიკრორაიონში, სკოლა ,,ლომისთან“; გლდანის II მიკრორაიონში, N167-ე საჯარო სკოლასთან; ფორე მოსულიშვილის ქ.N33, N160-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 

წყარო - Imedinews.ge