ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

2019.03.06 13:07:55
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

5 მედალი მოიპოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს. სერბეთში მიმდინარე ევროპირველობზე ქართველებმა ხუთი წონითი კატეგორიიდან 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

55 კილოგრამში ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუმინელი ფლორინ ტიტა პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვება მოიპოვა 63 კილოში ლევან ქავჟარაძემ, ქართველმა ფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანს 10-8 მოუგო. 87 კილოში გურამ ხეცურიანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაზი ხალილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა, თავის კარიერაში კი მეექვსედ მოიპოვა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

ბრინჯაოს მედალი 77 კილოში ბექა მამუკაშვილმა დაისაკუთრა. ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში 3-0 აჯობა აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს. საქართველოს 23 წლამდე ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს. დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. 

 

 

 

წყარო:imedinews