ზაქრო ბერძენიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს

2018.11.05 11:21:25
ზაქრო ბერძენიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს

გორში, 2004 წლის 1-ლ ნოემბერს 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს.

ეს შემზარავი ისტორია მაშინ გაცოცხლდა, როცა ისევ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი მოკლეს. ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იაგო ნებიერიძე ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა – ის ბერძნიშვილებს 20.000 დოლარს სძალავდა. გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი დღემდე ნებიერიძეს ადანაშაულებს, თუმცა მას ეს დანაშაული არ უღიარებია და საქმეში მისი მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა. “კვირის პალიტრა” 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედას, ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

 

 

 

– ზაქრო 2004 წლის 1-ლ ნოემბერს გაიტაცეს… გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.

 

– ამასობაში არავინ დაგკავშირებიათ?

– ორი წერილი მივიღეთ. პირველში,­ რომელიც კართან დაგვიგდეს, ეწერა, რომ თუ 20.000 დოლარის გადახდაზე­ თანა­ხმა ვიყავით, თეთრი ზეწრები გამომეფინა­. მეორე წერილი მაწანწალა ბავშვმა მოგვიტანა და გვითხრა, უცხო კაცმა გამომატ­ანაო. მასში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხ­ულობდა. მოითხოვდნენ, ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა გადაგვეგდო, თორემ ბავშვი დაიღუპებოდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე გვწერდა, მაგრამ მან მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ამიტომ წაუყენეს ბრალი გამოძალვაზე.

მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო. ეგ და მამამისი ავტოფარეხს გვიშენ­ებდნენ. ზაქრო ერთი თვის რომ გახდა, ჰიდროცეფალია დაუდგინდა და მას მერე ვმკურნალობდით – თავზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს. ნებიერიძემ იცოდა, ბავშვისთვის არაფერს დავზოგავდით და უკან არ დავიხევდით.

 

ზაქრო სულ მამა-შვილი ნებიერიძეების გვერდით იყო. სადილის დროს ჩავიდოდა და მუშებს­ სახლში ამოიყვანდა ხოლმე. იმ დღეს ეზოში მარტო ჩავუშვი და… გაქრა. როცა ბავშვს ვეძებდით, მამა-შვილი­ თანაგრძნობის გამოსახატად ყოველდღე მოდიოდა, არადა, ჩანს, ინფორმაციას აგროვებდნენ… მერე ეს უბედურება დაგვატყდა თავს…

 

20 ოქტომბერს ზაქრო 25 წლის გახდა, დაბადების დღე გადავუხადეთ, ხუთ დღეში კი გავიგეთ, რომ ნაძირალა ნებიერიძემ პატარა ნანიკო მოკლა!

 

 

წყარო:alia.ge