იანვარ-სექტემბრის პერიოდში ადევნების მუხლით გამოძიება 93 საქმეზე დაიწყო

2018.11.02 12:33:32
იანვარ-სექტემბრის პერიოდში ადევნების მუხლით გამოძიება 93 საქმეზე დაიწყო

2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ადევნების მუხლით (სსკ 151 მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება 93 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, ადევნების მუხლით გამოძიება ყველაზე ბევრჯერ დედაქალაქში დაიწყო. 

რეგიონების მიხედვით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სსკ 151 მუხლის 1 ნაწილით დაწყებული გამოძიების სტატისტიკა ასეთია:

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 9, შიდა ქართლი - 6, აჭარა - 19, თბილისი - 29, ქვემო ქართლი -20, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმო, ქვემო-სვანეთი - 4, გურია - 1, კახეთი -1, მცხეთა - მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი -3.

 

ამავე დროს, შსს-ს ინფორმაციით, 2017 წელს ამავე მუხლით გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო.

 

2017 წლის 4 მაისს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ადევნება დასჯადი ქმედება გახდა. ადევნება (სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი) განისაზღვრება, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. აღნიშნული ცვლილება 2017 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა.