გაირკვა, საქართველოს რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული

2018.10.10 13:06:02
გაირკვა, საქართველოს რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული

დასახელდა საქართველოს ის ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია:

 

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზესტაფონშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა, საქართველოს დიდი ქალაქების ჰაერის მთავარ დამაბინძურებელს აზოტის ორჟანგი, მყარი ნაწილაკები, ხოლო ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგი წარმოადგენს.

 

ნოე მეგრელიშვილის თქმით, აზოტის ორჟანგი საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება და ატმოსფეროში მათი გაფრქვევა ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვით ხდება. მყარი ნაწილაკების (PM10) გაფრქვევის წყარო, კი სამშენებლო სექტორია, ასევე, მიწის ღია გრუნტი, სადაც ბალახი არ არის ამტვერება იოლად ხდება. რაც შეეხება ევროდირექტივებით განსაზღვრულ ატმოსფერული ჰაერის სხვა დამაბინძურებლებს, როგორებიცაა: ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, მიწისპირა ოზონი, ტყვია, იგივე ბენზოლი, საქართველოში ნორმის ფარგლებშია.

 

„აზოტის ორჟანგი, იგივე დიოქსიდი, არის წვის პროდუქტი. მას საკმაოდ მავნე ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე და პირდაპირ კავშირშია არა საწვავის, არამედ წვის ხარისხთან რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს წვა, ანუ რამდენად გამართულია ჩვენი ავტომობილები. მესამე თაობის კატალიზატორები იმ მიზნით იყო შექმნილი, რომ აზოტის ჟანგეულების გაფრქვევა შეემცირებინა. როცა ასეთი კატალიზატორი ავტომობილზე არ აყენია, გაფრქვევაც მაღალია. ჩვენი მონიტორინგის შედეგებიც ამას გვიჩვენებს მსხვილ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში“, - დასძინა ნოე მეგრელიშვილმა.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, ზესტაფონში მანგანუმის ორჟანგის მაღალი დონე კი „ფეროშენადნობი ქარხნის დამსახურებაა“. 

 

ასევე გაირკვა, რომ მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ,  ხოლო 8 ოქტომბერს  კი თბილისში ვარკეთილში დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,1-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება. 

 

ასევე გასულ კვირას ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აბაშიძის ქ.N 14, ქეთევან წამებულის N90, დადიანის ქუჩა N19 და ტელევიზია ,,იმედის“ ეზოში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 

ამასთან, ქვეყნის 25 ქალაქში 80 წერტილზე ყოველკვარტალური ინდიკატორული გაზომვები ხდება. სინჯები შესამოწმებლად კი ბრიტანეთის ლაბორატორიაში იგზავნება.

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივლისს გარემოსდაცვითი კონცეფცია წარადგინა. ბახტაძის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები.