ცნობილია, ვინ მიიღებს პირადობის მოწმობას უფასოდ

2018.10.10 12:22:13
ცნობილია, ვინ მიიღებს პირადობის მოწმობას უფასოდ

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

 

მიმდინარე წლის პირველ მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე მიიღო 98 246-მა მოქალაქემ. აქციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა.

 

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

 

საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი;

ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები;

მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;

ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.

„რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია”, - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.