სოციალური შემწეობის მოხსნის გამო მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

2018.10.06 13:22:33
სოციალური შემწეობის მოხსნის გამო მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

ხაშურის მცხოვრებმა დავით კილაძემ თავის დაწვა, მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო სცადა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, კილაძე მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობს გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა.

 

,,გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაიინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს“-განაცხადა დავით კილაძემ.

 

ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და შესაბამსი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. “ნიუპოსტი” ხაშურის მერთან გასაუბრებასაც შეეცადა, თუმცა გიორგი გურასპაშვილი დილიდან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.