ცხოველების წამებისთვის შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს

2018.09.13 13:09:54
ცხოველების წამებისთვის შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს

თბილისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გახშირების გამო, საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

"ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარებმა შეძლეს არაერთი ცხოველის გადარჩენა, თუმცა, ზოგიერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვერც დამნაშავის დასჯა მოხერხდა. 

 

სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სრულებით ეხმიანება დღეს არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და მათი მოკვლის შემთხვევაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით 1 წლამდე.

 

ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.

 

"მივმართავ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან მხოლოდ რეგულაციებით იქნება შესაძლებელი პირველ რიგში ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება", - განაცხადა კახა კალაძემ.