სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა

2018.09.04 15:28:38
სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სამედიცინო დასკვნა მოამზადა. საქმე რაიან სმიტის გარდაცვალების გარემოებებს ეხება.

 

როგორც მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის ადვოკატი ირწმუნება, დასკვნის მიხედვით საქმეში ახალი გარემოებები ვლინდება. კერძოდ, ადვოკატის თქმით,

 

„ექსპერტიზის დასკვნით, რაიან სმიტს მუცლისა და ქვედა კიდურების არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები. დაზიანებები მას მიაყენეს სიცოცხლეშივე. ფაქტობრივად ნაწამებია. რაც შეეხება გარდაცვალებას, გარდაიცვალა საფანტის ტყვიით, რომელიც მოხვედრილი აქვს ზემოდან ქვემოთ“,– განუცხადა „აქცენტს“ ადვოკატმა.

 

დაცვის მხარე გამორიცხავს რაიან სმიტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობას. ამასთან მას კითხვებს თავად ტყვიის ტრაექტორიაც უჩენს და ფიქრობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჩვენებას ამყარებს. კერძოდ იმას, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.  

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე გამორიცხულია, მათ ერთმანეთში ფიზიკური კონტაქტი ჰქონოდათ და შემდეგ ზემოდან ქვემოთ ესროლა იარაღი. ეს ფიზიკურად წარმოუდგენელია. კობაური დაბალია. მაქსიმუმ ქვემოდან ზემოთ უნდა ესროლა თოფი. გარდა ამისა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ დაკავებისას კობაურს არ აღენიშნებოდა დაზიანებები“,– აცხადებს ადვოკატი.

 

რაც შეეხებათ ლორა სმიტსა და მის მცირეწლოვან ვაჟს, ადვოკატის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არაა. უკვე მომზადებული დასკვნა კი სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

 

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ლორა სმიტს სექსუალური ძალადობის ნიშნები აღენიშნება. შსს–ში განაცხადეს, რომ გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს და ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.  

 

შსს–ს ცნობით, კობაურმა დაკავებისას გამოძიებასთან ითანამშრომლა და მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. მანვე მიუთითა სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელიც. შემდეგ ეტაპზე მან ჩვენება შეცვალა და ამ დროისთვის თავს უდანაშაულოდ ცნობს. როგორც კობაურმა მოსამართლეს განუცხადა, მკვლელობა ორმა უცხო პირმა ჩაიდინა და მას ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით კი კობაურმა ადვოკატს უთხრა, რომ საქმეში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი. 

 

კობაურს ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით მას ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება.