ივანიშვილი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატებს ასახელებს

2018.07.24 21:08:12
ივანიშვილი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატებს ასახელებს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. გადაცემა შეკვეთილში, ყოფილი პრემიერმინისტრის სახლშია ჩაწერილი და პირველი არხის ეთერში სრულად 21:45 საათზე გავა.

 

არხის მიერ გავრცელებული გადაცემის ანონსში ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზე ლაპარაკობს. „ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი, და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

13 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა; ითქვა, რომ სწორედ ის იქნებოდა კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, რადგან ხელისუფლება ამ არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენას არ გეგმავს. ზურაბიშვილმა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო, ეს ცნობა მმართველ პარტიაშიც არ დაუდასტურებიათ.

 

თუმცა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს ამ პოზიციაზე კენჭისყრის უფლება არ აქვს. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მან მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა და კანდიდატად დარეგისტრირების დროს ეს მიმართვა უნდა არსებობდეს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ევროპულმა საქართველომ“ - დავით ბაქრაძე; „გირჩის“ კანდიდატია - ზურაბ ჯაფარიძე; თავისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც „ოცნების“ მხრიდან კანდიდატის წარდგენას ელოდება. ამასთან, მარგველაშვილის პასუხს ელოდება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი თანამშრომლობაზე უარს ეტყვის. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ის ვისაც შეარჩევენ ყველა შემთხვევაში იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი ლიდერი.