შეუწყდებათ, თუ არა სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ შემწეობის მიღება

2018.07.08 12:42:14
შეუწყდებათ, თუ არა სოციალურად დაუცველებს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ შემწეობის მიღება

„სოციალური დახმარების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შედის. 

 

დადგენილების თანახმად, დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, საარსებო შემწეობის გაცემა აღარ შეჩერდება. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

 

„2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.

 

თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება,“-აღნიშნულია დადგენილებაში.