ჭუბერის ხეობის 7 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

2018.07.07 12:42:25
ჭუბერის ხეობის 7 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩანგრევის გამო ჭუბერის ხეობის სოფლებში სგურიშსა და ყართან მიმოსვლა შეუძლებელია.

 

შემოვლითი გზა რამდენიმე წუთის წინ ჩაინგრა. გარესამყაროს სრულად მოწყდა 7 სოფელი. ამ წუთებში ჩანგრეული გზის დასათვალიეებლად სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი იმყოფება.

 

პოლიციის თანამშრომლებს გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებიდან ქალები და ბავშვები გამოჰყავთ. სოზარ სუბარის განცხადებით, მას პრემიერმინისტრთან ჰქონდა საუბარი და ადგილობრივების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი მოგვარებულია.

 

ჭუბერის ხეობაში სტიქია 5 ივლისიდან მძვინვარებს. შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.

 

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე სახლი.

 

ბუნების დამცველები თანხმდებიან, რომ ჭუბერში დამანგრეველი სტიქიის გამომწვევი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხე-ტყის უსისტემო ჭრაა.