ჭიათურის მაღაროში გვირაბი ჩამოინგრა- არის მსხვერპლი

2018.03.26 17:59:06
ჭიათურის მაღაროში გვირაბი ჩამოინგრა- არის მსხვერპლი

ჭიათურის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა. გამთენიისას, შუხრუთის მაღაროში გვირაბი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევებში მოყვა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

 

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა, მისივე თქმით, უბანი, სადაც შემთხვევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო.

„ჩამოინგრა სამთო მასა, სადაც მუშაობდნენ მაღაროელები, ერთ-ერთი მაღაროელი დიდი ლოდის ქვეშ მოყვა, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ზოგადად, მაღაროელები ამბობენ, რომ ის უბანი, სადაც მუშაობდნენ, ავარიული იყო, მაგრამ ადმინისტრაცია ავალდებულებდა მაინც იქ მუშობას, მეორე ფაქტორია, რომ სამთო სამუშაოების შესახებ წესებში წერია, რომ არ შეიძლება იმ ადგილას მუშობა, სადაც მაღარო გამაგრებული არ არის“,-განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო-სამშენებლო მშენებლობისას ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.