აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია იწყება

2018.03.14 13:13:23
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია იწყება

აბასთუმანში 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. 

 

ისინი მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული კერძო სააგარაკე აივნიანი სახლებია, იმ პერიოდის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებით და ქანობიანი სახურავებით.

 

სამუშაოები მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსდება. სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ შენარჩუნებული პირველყოფილი ისტორიული სახე.

 

პროექტი ითვალისწინებს ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარების რეაბილიტაციას, ტროტუარების მოპირკეთებას ბაზალტის ფილებით და ღამის განათების მოწყობასაც. რაც შეეხება სახლების მფლობელებს, ოფიციალური ინფორმაციით, ეს 17 სახლი და უძრავი ქონება დაყოფილია 84 დამოუკიდებელ ტერიტორიად, რომელსაც ჰყავს 85 მფლობელი.

 

4 სივრცე 84 ფართიდან სახელმწიფოს საკუთრებაა, დანარჩენი 80 კი კერძო საკუთრებაშია. მათი მეპატრონეების ნაწილი ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობს.

 

სამუშაოებს „ერისიმედი“ და შპს „კამარო“, 3 მილიონ 715 ათას ლარად განახორციელებენ - სწორედ მათ გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. „კამარო“ პოლონური კომპანია.