როგორ გნვასხვაოთ ცხენისა და ვირის ხორცი საქონლისგან?

2018.03.13 12:52:36
როგორ გნვასხვაოთ ცხენისა და ვირის ხორცი საქონლისგან?

როგორ უნდა ამოიცნოს მომხმარებელმა ცხენის ან ვირის ხორცი და როგორ განასხვავოს საქონლის ხორცი, საკვებად უვარგისი ხორცისგან - 

 

 

AMBEBI.GE ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილს დაუკავშირდა, რომელიც თბილისის ზოოლოგიურ პარკს ცხენისა და ვირის ხორცით ამარაგებს.

 

ინდმეწარმე თეთრწყაროში ცხვარ-ძროხასაც ინახავს, ზოოლოგიურ პარკთან კი ხელშეკრულება ცხენის და ვირის ხორცით მომარაგებაზე აქვს დადებული და საქონლის ხორცი ნაკლები რაოდენობით შეაქვს. ტენდერი რამდენჯერმე მოიგო.

 

"თავიდან ეს საქმე გამიჭირდა, მაგრამ მერე ხალხმა გამიცნო და ახლა უკვე თავად მოჰყავთ ჩემთან პირუტყვი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხენის და ვირის ბევრი მომწოდებელი გვყავს - გლეხებისგან ვიძენთ, ჩვენთან ჩამოჰყავთ, სასაკლაოში. დაკლული ხორცი კი უკვე ზოოპარკში შეგვაქვს.

 

- თქვენი მომწოდებლები ცხენს და ვირს სპეციალურად თქვენთვის აშენებენ?

 

- არა. ვთქვათ, ცხოველი დაბერდა, ან ფეხი მოტყდა, ან არ მუშაობს - მხოლოდ ასეთები. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. წლების წინ პირუტყვი კერძო სასაკლაოებში იკვლებოდა. ახლა რომ დაიკლას, სურსათის სააგენტოს მიერ მინიჭებული სპეციალური საშვი უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს ვარკეთილშია ასეთი სასაკლაო, რომლითაც ვსარგებლობთ.

 

- დასაკლავ პირუტყვს თუ უტარდება შემოწმება?

 

- კი, უტარდება და მას მალეინიზაცია ჰქვია. თუ რამე დაავადება აქვს, ამ პროცედურის საშუალებით ვლინდება - თვალში სპეციალურ სითხეს უწვეთებენ და 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ამ საქმეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ. დაავადება სხვადასხვა სიმპტომით გამოიხატება, მათ შორის, თვალზე ცრემლდენით (სპეციფიკური სიმპტომებია) და ასეთი ცხოველი ნადგურდება, დანარჩენი სახორცედ დაიკვლება და თბილისის ზოოლოგიურ პარკს მოეწოდება.

 

- ბოლო დროს, საუბარია იმაზე, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენის და ვირის ხორცს ჰყიდიან და მომხმარებელს ძროხის ხორცის სანაცვლოდ სთავაზობენ.

 

- ამ ამბით მეც შეწუხებული ვარ. ამას არაკეთილმოსურნე ყასბები აკეთებენ - სოფლებში დადიან, დიდი რაოდენობით ცხენები იკვლება, მეტიც, იკვლება ასეთივე რაოდენობით ვირი და ის ადამიანის საკვებ ხორცად საღდება. იცით, ეს რამ გამოიწვია? ჩვენი ქვეყნიდან ახალგაზრდა საქონელი გადის არაბეთში, აზერბაიჯანში, ირანში. ეს აქ ხორცის დეფიციტს ქმნის. უცხოეთში ახალგაზრდა საქონელი გაჰყავთ, საკვებად ბებერი ძროხა გვრჩება, უვარგისი ხორცი, გამხდარი. ცუდია, რომ ამ ხორცით ის კვებითი დაწესებულებები მარაგდება, სადაც ხორცს მოიხმარენ და რაც ყველაზე ცუდია, რადგან სხვა არჩევანი არ არის, საბავშვო ბაღებშიც შედის. ყასბებს ერთი კილოგრამი ცხენის ხორცის შეძენა 5 ლარი უჯდებათ, რომელსაც შემდეგ 12 ლარად ყიდიან (იგებენ 7 ლარს). გაჭირვებული მომხმარებელი კი ყიდულობს.

 

ცხენის და ვირის ხორცი ერთი-ორჯერ რომ ნახოთ, ძროხის ხორცში აღარ აგერევათ. საქონლის ხორცისგან განსხვავდება, მუქი ვარდისფერი შეფერილობა აქვს, სუნიც განსხვავებულია, პრიალა ცხიმი აქვს. მინდა, ყველას მივმართო და ვთხოვო ვისაც ეხება, რომ ბაზრები, სასაკლაოები უფრო მეტად გაკონტროლდეს.

 

იხილეთ სრულად: www.ambebi.ge