ყელგამოჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა - რა მოხდა გლდანის საპყრობილეში

2018.02.14 12:17:56
ყელგამოჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა - რა მოხდა გლდანის საპყრობილეში

გლდანის მე-8 ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს.

შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა, მსჯავდებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატიმრის ადვოკატის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია პატიმრის ადვოკატისა და ოჯახის წევრებისთვის. როგორც მსჯავრდებულის უფლებადამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია, რადგან შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს იარაღი, რომლითაც პატიმარი დაზიანებებს მიიყენებდა.

 

ადვოკატს ამბობს, რომ საჭიროა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად იყო დაცული ამ პატიმრის მიმართ უსაფრთხოების ზომები. ადვოკატი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ორივე თირკმელი გაეთიშა. დაშავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წაყენებული. ადვოკატის თქმით, ის სასჯელს უკვე 3-4 წელია იხდის.