SOS! ხარაგაულის რაიონში დახმარებას ითხოვენ!

2018.02.04 17:46:51
SOS! ხარაგაულის რაიონში დახმარებას ითხოვენ!

ხარაგაულის სოფელ ვახანში 6 დღეა მოსახლეობას შუქი არ მიეწოდება. 

 

 

უშუქობით შეწუხებული ადგილობრივები "ენერგო პრო ჯორჯიას" მათი პრობლემისათვის ყურადღების მიქცევისაკენ მოუწოდებენ.

 

"6 დღე ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს უკვე კატასტროფაა!!! ყველაფერს საღვარი აქვს, სად ვცხოვრობთ, რა დროა, ნუთუ 21-ე საუკუნეში ხალხი კიდევ უშუქოდ უნდა იყოს?! მოგვაქციეთ ყურადღება ვინმემ დროულად", - აცხადებს სოფელ ვახანის ერთ-ერთი მკვიდრი.

 

პრობლემასთან დაკავშირებით "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ სოფელ ვახანში რთული რელიეფია, რის გამოც სარეაბილიტაციო სამუშაოები გაჭიანურდა.

 

"პირველში გამთენიისას დიდთოვლობის გამო წაიქცა რამდენიმე ხე, დააზიანა გადამცემი ხაზი, ელექტრონული სადენები. ასევე, დიდთოვლობის გამო გადაადგილება იმ ტერიტორიაზე შეჩერდა, რის გამოც, პრაქტიკულად თანამშრომლებს ხელით უწევდათ მუშაობა, ხაზების დამონტაჟება და დაზიანებული სადენების აღდგენა. ახლა უკვე დაიწია თოვლის საფარმა და სპეც.ტექნიკის შეყვანაც შესაძლებელია. აღდგენითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსახლეობის ნაწილს დღეს მიეწოდება ელექტრო ენერგია, ხვალ კი უკვე სრულად დასრულდება აღდგენითი სამუშაოები" - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში.

 

ზემო იმერეთში რამდენიმე დღეა უამინდობაა.