ფრთხილად ! ფარმაცევტულ ბაზარზე უნებართვო და ვადაგასული წამლები აღმოაჩინეს

2018.01.31 13:01:51
ფრთხილად ! ფარმაცევტულ ბაზარზე უნებართვო და ვადაგასული წამლები აღმოაჩინეს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევის მაკონტროლებელი 883 ღონისძიება გაატარა.

აქედან 821 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, დარღვევებს შორის მოხვდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 33 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის – 68 ფაქტი. ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის პირობების დარღვევის 102 ფაქტი, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე – 7 ფაქტი; ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე – 104 ფაქტი და სხვა დარღვევები.

 

"კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სულ ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 298 093.5 ერთეული სამკურნალო საშუალება, მათ შორის 134 286,5 ერთეული პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი (კერძოდ, 131 043 ერთეული აღრიცხვის/სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, 101 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, 364 ერთეული შენახვის პირობების დარღვევით არსებული, 2774,5 ერთეული ვადაგასული/გაუვარგისებული და 4 ერთეული იმპორტის წესის დარღვევით არსებული). კონფისკაციას დაექვემდებარა, ასევე, 163 807 ერთეული ვადაგასული/საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არქმონე/სერიული აღრიცხვის წესის დარღვევით/შენახვის პირობების დარღვევით არსებული II და III ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი", - ნათქვამია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ანგარიშში, რომელიც ექსკლუზიურად BM.GE-მ მოიპოვა. რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ნებართვა გაუუქმდა 12 ავტორიზებული აფთიაქს.