სიღნაღის რაიონში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

2018.01.29 12:07:03
სიღნაღის რაიონში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

თვითმკვლელობამდე მე–5 კლასის მოსწავლეს სკოლაში, თანაკლასელებთან კონფლიქტი მოუვიდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან ბეგიაშვილმა განუცხადა, თანაკლასელებმა ბიჭს უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო. დირექტორის მოადგილე ადასტურებს, რომ ამან ბავშვი გააღიზიანა, რის შემდეგაც მასწავლებელს დაეთხოვა, სახლში წავიდა და ცოტა ხანში თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

 

„ჩემი 11 წლის შვილი მასწავლებლებმა მოკლეს. იმიტომ, რომ ჩემი შვილი იმ დროს, როცა თავი ჩამოიხრჩო, სკოლაში უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ნიკა ჩალაბაშვილის მამა თამაზ ჩალაბაშვილი. „რატომ გამოუშვეს? რატომ მშობლებს არ დაურეკეს, იმ ბავშვის მშობლებსაც და ჩვენც? მოდი, გავაფრთხილოთ და გავარკვიოთ რაშია საქმეო. ან შევარიგოთ და ისეთი გრძნობა ჩავუდოთ, რომ ჩხუბი აღარ მოუვიდეთო“, – ამბობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილის პაპა ნოე ჩალაბაშვილი.

 

გარდაცვლილის დედის მტკიცებით, მის შვილს მეორე კლასიდან მოყოლებული სკოლაში პერმანენტულად ავიწროვებდნენ, დასცინოდნენ ჩაცმულობის გამო, ბრალს სდებდნენ ქურდობაში. მისივე თქმით, შვილის დახმარების მიზნით მასწავლებლებისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ. „მასწავლებელმა იქით მომახდევინა ბოდიში, რა ბრიყვი გაგიზრდიაო. თურმე ბოდიში მასწავლებელს ჰქონია მოსახდელი, რომ ჩემი შვილი უცემია. ისე დააშინა ბავშვი, რომ სახლში არ უთქვამს. თუ იტყვი რომ გცემე, კლასში ჩაგტოვებ, თუ არადა რვიანს დაგიწერო. მასწავლებელებს არაერთხელ მივმართე, რომ ჩემს შვილს ბავშვები ავიწროვებდნენ, მაგრამ სულ იმას მეუბნებოდნენ, შენ ხარ პროვოკატორი და პანიკიორიო. აღარც პროვოკატორი ვარ და აღარც პანიკიორი, მე შვილი აღარ მყავს“,- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დედამ „რუსთავი 2“–თან საუბარში.