83 წლის ანიჩკა ბექაური-ქალი, რომელიც სოფელს დაცლას არ ანებებს

2018.01.24 11:40:01
83 წლის ანიჩკა ბექაური-ქალი, რომელიც სოფელს დაცლას არ ანებებს

გზა ცუდია და ქვიანი, ხეობა მწვანე და კლდიანი. მთებს შორის მდებარე წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია. 83 წლის ანიჩკა ბექაური და მისი მეზობელი კი ამ სოფლის უკანასკნელი მუდმივი მცხოვრებლები.

 

ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე წკერეში მოსახვედრად „სულ წინ უნდა იარო, წადი და მიხვალ“ - ასე გვარიგებს მჟავე წყლებთან, გზად შეხვედრილი ადგილობრივი. რომ „წახვალ“, გზად ჩანჩქერიც შეგხვდება და კოშკების კასკადიც - თითქმის ყველა მთაზე.

 

მუღურე, ქოროღო, ბენიან-ბეგონი, იუხო, როსტიანი, შარმანი, ბედონი, წკერე - ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცარიელდა. მთელ ხეობაში მუდმივად მხოლოდ 6-7 ოჯახი თუ ცხოვრობს.

 

სხვა სოფლებისგან განსხვავებით, წკერეს ორი ქალი არ ანებებს დაცლას. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აქ 40 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს - 3, დღეს კი მთის კალთაზე შეფენილ დასახლებას ანიჩკა ბებო და მისი მეზობელი აცოცხლებენ.

 

ანიჩკა ბექაური (ზაქაიძე) გუდამაყრელია, ოქტომბერშია დაბადებული, თუმცა რიცხვი არ ახსოვს. თითქმის 60 წლის წინ, წკერეში გათხოვდა. მომავალი მეუღლე ბიძაშვილმა გაურიგა, „ასე უთქვამს, ერთი კარგი ბიძაშვილი მყავსო. ეგრეა, თავისიანი ყველას კარგი ჰგონია“. საქმროს არც კი იცნობდა, მერე შეუყვარდა, როცა უკვე გათხოვილი ქალი იყო. ჯერ ნიშნობა ჰქონდათ, შემდეგ ქორწილი. ქორწილში რუხი კაბა ეცვა, თეთრი ფერი „ეჯავრებოდა“. ქალის მაყარი, წესისამებრ, ორ ღამეს დარჩა. ცეკვაც იყო და სიმღერაც - მკვდარსაც რომ გააცოცხლებდა ისეთი!“.

 

ოთხი ჩემოდანი მზითვი მოიყოლა, თუმცა ჭადრაკისა და „ვეფხისტყაოსნის“ ნაცვლად, საკუთარი ნაქსოვი ხალიჩა გამოატანეს - „ეგეთი წესი იყო მთაში, გასათხოვარ ქალს ერთი სამზითვო ხალიჩა მაინც უნდა ჰქონოდა მოქსოვილი. მე ოთხი მქონდა“.

 

ქმარს ნიკიფორე ერქვა. ხან ჩხუბობდნენ, ხან კარგად იყვნენ. ორი ბიჭი შეეძინათ. 11 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. 3 წლის შემდეგ, უფროსი შვილიც დაკარგა და ახლა 5 ობოლ შვილიშვილზე დარდობს. „არაფერი არ აკლიათ ჩემ შვილიშვილებსა, მაგრამ მაინც მენანებიან ობლები რომ არიან და ვწვალობ იმათ გულისთვინ“.

 

მეორე შვილი რუსეთში ცხოვრობს. ბოლოს შარშანწინ ნახა. სულ მის ზარს ელოდება, თუმცა ტელეფონი გაუფუჭდა და ბოლო დროა არ უსაუბრიათ.

 

„ჩვენ დაბლაც გვაქვს სახლი, ბედონში. ჩემი რძალი მეჩხუბება, სირცხვილიაო, იქაო, მარტოკაი რატო ხარო, ჩამოდიო, აქ იყაო. არ მივდივარ. აქ ბევრ საქმეს ვაკეთებ ჩემი შვილიშვილებითვინ.“

 

წყარო: mtisambebi.ge