ბედნიერი, რეალიზებული, კანონით დაცული ქალი ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტიაა

2017.12.12 12:56:40
ბედნიერი, რეალიზებული, კანონით დაცული ქალი ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტიაა

თბილისის მერი კახა კალაძე კონფერენციას - "საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად" დაესწრო.

 

მისი თქმით, რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული ქალი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტია.

"ბედნიერი, რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

 

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დღევანდელი ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

 

"ქალის როლი, მონაწილეობა და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, პირველი ქალი პარლამენტარები, ქალები მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში, ჩვენი ქვეყანა გამორჩეული იყო არა მარტო რწმენის და ეროვნების მიმართ განსაკუთრებული ტოლერანტობით, არამედ გენდერული ტოლერანტობითაც, რაც იყო უაღრესად პროგრესული მაშინდელი სამყაროს ფონზე. ჩვენ ეს ისტორიული მეხსიერება არ უნდა დავკარგოთ და რაც მთავარია, ამ მენტალური მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გავხდეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მთავარი ღირებულება ადამიანია. ადამიანზე ორიენტირებული სისტემა კი, არა მარტო არაძალადობრივი მართვა, კანონის უზენაესობა და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებია, არამედ ის საზოგადოების ნებისმიერ წევრზე ყველა სიკეთისა და მონაპოვრის თანაბრად განაწილებას გულისხმობს.

 

"ეს არის ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია, ჰარმონიული და სწორი განვითარების საწინდარი. არ შემიძლია არ ვთქვა იმ განსაკუთრებულ ბედზე, რაც ჩვენი ქვეყნის ქალებს ერგოთ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ამას უბრალოდ ვერ ავუვლი გვერდს. ეს არის ყოველდღიური გმირობისა და თავგანწირვის უნიკალური მაგალითები. ჩვენი ქალები შეეჯახნენ ყველანაირ უკანონობას, ძალადობას, ძმათამკვლელ ომს და გაჭირვებას, ჩვენი ქალბატონები შრომობენ უცხოეთში, მსახურობენ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ზრდიან შვილებს და ცდილობენ საზოგადოების ფორმირებაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ქალბატონების წინაშე, ოჯახური თუ გენდერული ძალადობის სახით, ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა დგას.

 

"ყველა ის უბედურება, გაჭირვება და ხალხში დაგროვილი აგრესია ამ ძალადობის სახით ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა, რაც ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ამ პრობლემების დაძლევაში თითოეულმა ჩვენგანმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ. მეც ამ საქმეში თქვენს გვერდით მიგულეთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.