რა არის მედიკამენტებზე ფასების ზრდის რეალური მიზეზი

2017.12.08 13:38:24
რა არის მედიკამენტებზე ფასების ზრდის რეალური მიზეზი

ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით ნახევარი სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჯანდაცვის სფეროში ფიქსირდება. ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე ფასები 6,4%-ით გაიზარდა. ფასებმა მოიმატა როგორც სამედიცინო პროდუქციაზე, ისე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რადგან მედიკამენტების უმეტესი წილი იმპორტირებულია. ლარი გაუფასურდა როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებაში, რაც პირდაპირ აისახა წამლების ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს და ამაზე ღიად საუბრობენ თავად მომხმარებლები, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ფასების ასეთ რადიკალურ ცვლილებას არ ადასტურებს. "ლარი საკმაოდ გაუფასურდა, მაგრამ მიუხედავად ამ გაუფასურებისა ქსელში გადაფასება კურსის ცვლილების გამო არ მომხდარა.

 

გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შეიძლება შეიცვალა, მაგრამ კურსის გამო გადაფასება შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ მომხდარა", - განუცხადა "საქმის კურსს" "პსპ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ხაბეიშვილმა. სრულიად განსხვავებულია, იმ მოქალაქეების განცხადებები, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ აფთიაქებთან. "საქმის კურსმა" 50-მდე ადამიანი გამოკითხა. ყველა ადასტურებს, რომ მათი დანახარჯები მედიკამენტებზე სერიოზულად გაზრდილია. ზოგიერთი ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელსაც 37 ლარად ყიდულობდნენ, ახლა 44 და 50 ლარი ღირს. ფასების მატება მედიკამენტებზე კი ყველაზე საგრძნობი მათთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში გახდა. "პსპ ჯგუფის" გარდა კომენტარის გაკეთება არცერთმა მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ არ ისურვა. შედარებით წვრილი ქსელების წარმომადგენლების ნაწილმა პირად საუბრებში გვითხრა, რომ მომწოდებლების გაფრთხილებიდან გამომდინარე მედიკამენტებზე ფასები მიმდინარე თვეში კიდევ უფრო გაიზრდება.