“თქვენს შვილს მაინც აღარაფერი ეშველება და 19 წლის საწყალი ბიჭი ციხისთვის არ გეცოდებათო?!”

2017.12.04 00:32:42
“თქვენს შვილს მაინც აღარაფერი ეშველება და 19 წლის საწყალი ბიჭი ციხისთვის არ გეცოდებათო?!”

ისევ ამ საშინელ თემაზე… ისევ ამ წრეზე ვართ, ისევ ასეთი მოსამართლეები, ისევ ასეთი ბრბო…

 

ჰო, იმ ეპოქის ასეთი მოსამართლე, მაშინ კორუფციაში მხილებული გვენეტაძე, დღეს თლათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, პრემიებსაც იღებს და ფულის ხეებსაც ახარებს კაბინეტში…

 

ნინო ტოგონიძე:

“ჩემი ძმის მკვლელს 15 წელი მიუსაჯა პირველი ინსტანციის სასამართლომ. მეორე მხარემ გაასაჩივრა განაჩენი. წავედით სააპელაციოში მე და დედა, შევხვდით მოსამართლეს, რომელსაც საქმე დაეწერა. ქალი იყო მოსამართლე, დაახლოებით 60 წლის. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ საქმეზეო, ეუბნება დედაჩემი. არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ, გამომწვევი, მენტორული ტონით მოგვახალა სახეში: თქვენს შვილს მაინც აღარაფერი ეშველება და 19 წლის საწყალი ბიჭი (იმ “19 წლის საწყალ ბიჭს”, რომელმაც ხანჯლით არტერია გადაუხსნა ჩემს ძმას, უკვე ორი ნასამართლობა ჰქონდა წარსულში) ციხისთვის არ გეცოდებათო?! ცხადზე ცხადი იყო, რომ მოქრთამეს (1999 წელი იყო, საქართველოში კორუფციის აღზევების ხანა) და იმიტომ ლაპარაკობდა ასე და არა უანგარო თანაგრძნობის გამო. რაც მერე იმ კაბინეტში ხდებოდა, იმის გახსენება ახლაც მზარავს – ძლივს გამოვგლიჯე დედას ხელიდან ის “კაცთმოყვარე” მოსამართლე, თორემ იქვე დაასრულებდა სიცოცხლეს, ალბათ. ასეა ზოგადად. ადამიანი, რომელსაც არ იცავს სახელმწიფო, თვითონ ცდილობს თავის დაცვას, უმეტესად ყველაზე რადიკალური გზებით. და სანამ საზოგადოებაში არსებობს დამნაშავისადმი გაუმართლებელი შემწყნარებლობის ტენდენცია (ხშირად დაზარალებულის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე), ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ყალბი ჰუმანიზმით წაქეზებული “ბავშვების” აგრესიის სამიზნე, მათ შორის თვით”ჰუმანისტებიც”.  

 

წყარო: http://www.news.lider.ge/damatebit/sxva-ambebi/2863--19-.html