დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2017.09.05 12:47:39
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა. მოსამართლემ დეკანოზს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

 

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

 

გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დაკითხეს. სასამართლო პროცესებზე უკვე დაკითხეს დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა; ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ და ილია მეორის დისშვილმა, ქეთევან შიოლაშვილმა. 

 

სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.