ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატი იყოს

2017.09.04 15:24:16
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატი იყოს

საქართველოში ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატი იყოს.

 

ამის პარალელურად კი, სულ უფრო ხშირად განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ხანძარი დივერსია იყოს. ის, რომ ხანძარი შესაძლოა ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შს მინისტრმაც არ გამორიცხა. შესაძლო დივერსიასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. როგორც ალადაშვილი დღევანდელ "კვირის პალიტრაში" წერს, ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა დისტანციური მართვადი საფრენი აპარატი, იგივე დრონი იყოს.

"მართალია 2017 წლის აგვისტოში საქართველოს თავზე რუსული შვეულმფრენები და ბომბდამშენები აღარ დაფრინავენ (თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს), მაგრამ ტყის ხანძრების ჰაერიდან გაჩენა, მაინც შესაძლებელია და თანაც ისე, რომ შვეულმფრენის ხმა არავინ გაიგოს. დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალი ტყის ფერდობზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს უფრო მინიატურული კვადრო კომპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.

საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ "აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს." წერს ალადაშავილი.

სამხედრო მიმომხილველი უკრაინაში, ხარკოვის მახლობლად ბალაკლეის შეიარაღების საწყობის დაწვას იხესენებს და ამბობს, რომ უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რუსული დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია. როგორც ალადაშვილი წერს, აუცილებელი არ არის ბორჯომსა და აბასთუმნის ტყეში ხანძარი დიდი ზომის სადაზვერვო საბრძოლო დრონს გამოეწვია.

"ხანძრის კერის გაჩენა თითქმის სათამაშო კვადრო კომპტერითაც შეიძლება, რომლის ყიდვა ყველას შეუძლია. უცხოელი ტურისტები მათი საშუალებით საქართველოს პეიზაჟებს ხშირად იღებენ. მათ შორის, ბორჯომის ხეობაშიც. მცირე ტექნიკური გადაკეთების შემდეგ, კვადრო კომპტერს მეორე ვიდეოკამერისა თუ ფოტოაპარატის ნაცვლად, მცირე ზომის ტერმიტული ყუმბარის, ან სხვა კუსტარულად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობის წაღება შეუძლია, რომლის აალება გამხმარ ტოტებს სწრაფად ააგიზგიზებს. მთავარია ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამომგდები მექანიზმის დამონტაჟება კვადრო კომპტერზე, რაც ტექნიკურად ადვილია, მით უმეტეს. რომ ტყის დივერსიული "დაბომბვისთვის" დიდი სიზუსტე საჭირო არ არის" წერს ალადაშვილი "კვირის პალიტრაში".