ქალმა ჯარისკაცი ცოცხლად დაწვა-ტრაგედია გორში

2017.09.04 11:14:21
ქალმა ჯარისკაცი ცოცხლად დაწვა-ტრაგედია გორში

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 39 წლის როინ ბედიანაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

შურისძიების მოტივით, ქალმა გადაწყვიტა განზრახ მოეკლა მამაკაცი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას სასმელში წამალი ჩაუყარა, რის შედეგადაც ბედიანაშვილს დაეძინა.

გორის პროკურორმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით უზენაესს სასამართლოს მიმართა, თუმცა, 2017 წლის 27 ივნისს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

 

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე.

 

მსჯავრდებულის ადვოკატმა სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, რადგან, მისი პოზიციით, აწ გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალთან, ურთიერთობის დამყარებას იძულებით ცდილობდა.

 

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა, დამამძიმებელ გარემობაში, 2016 წლის 8 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ქალი იმავე დღეს პოლიციას ჩაბარდა და აღიარა დანაშაული.

 

განაჩენით ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 8 მარტს აწ უკვე მსჯავრდებული ქალი სტუმრად იმყოფებოდა როინ ბედიანაშვილის სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 ლარად.

 

"ამ დროს როინ ბედიანაშვილმა სცადა, დაემყარებინა მასთან ურთიერთობა, ბრალდებულმა გაუწია წინააღმდეგობა და ამის საშუალება არ მისცა. შურისძიების მოტივით, ქალმა გადაწყვიტა განზრახ მოეკლა როინ ბედიანაშვილი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას სასმელში ჩაუყარა წამალი, რის შედეგადაც ბედიანაშვილს დაეძინა. ცეცხლის გაჩენისა და დაწვის განზრახვით, ქალმა ოთახში არსებულ ელექტროგამათბობელზე დადო ბალიში და სკამი, რის შემდეგაც, განზრახვის ბოლომდე მიყვანისა და მისი მოკვლის მიზნით, ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა ორი ლიტრი ბენზინის საწვავი, დაბრუნდა ბინაში და შეასხა იგი, ბენზინი მაშინვე აალდა, თვითონ კი ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ჩადენილი ქმედების შედეგად როინ ბედიანაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.

 

ცეცხლის გაჩენისას სამაშველო სამსახურისა და პატრულის თანამშრომლებმა ბინის კარის გაღება ვერ შეძლეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ფანჯრიდან შეაღწიეს. 39-წლის სამხედრო მოსამსახურე ოთახში უკვე ნახევრად დამწვარი იყო.

 

სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ შემცირებულიყო სასჯელი, არ გაითვალისწინა, რადგან:

 

"მართალია, ნასვამი როინ ბედიანაშვილი შეეცადა მასთან სახლში ღამის გასათევად დარჩენილ, ასევე ნასვამ ქალთან ურთიერთობის დამყარებას, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა იმავდროულად, ბრალდებულმა შეძლო ბედიანაშვილის დაწყნარება და მოახერხა მისთვის სასმელში დასაძინებელი აბების ჩაყრა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გათიშული მამაკაცისგან უკვე არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით განიზრახა უგონო მდგომარეობაში მყოფის მოკვლა. მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებით ნათლად იკვეთება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ბრალდებულის მხრიდან მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებული უპატივცემულობა და უგულებელყოფა, მისი ნების სიმტკიცე, გამორჩეული ცინიზმი და სიძულვილი მსხვერპლის მიმართ. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს - დაზარალებულის სიკვდილს, სურდა ამ შედეგის დადგომა და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (დაზარალებულის სიკვდილს)", - აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.

 

რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების შესახებ, ერთ-ერთ გარემოებად დასახელებული იყო დაკარგული ტელეფონის არანაზღაურება:

 

"საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დამამძიმებელ გარემოებად პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული და მოითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას. პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

გარდაცვლილ როინ ბედიანაშვილს, რომელიც სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მსახურობდა, ხუთი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალს კი, - დედა. მისი თქმით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. აღნიშნულ შემთხვევამდე თვითმკვლელობა სცადა მედიკამენტებით და ექიმებმა გადაარჩინეს.