შს მინისტრმა ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები გმირებად შერაცხა

2017.08.27 13:41:44
შს მინისტრმა ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები გმირებად შერაცხა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები გმირებად შერაცხა.

 

მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია.

 

"მე ვფიქრობ,რომ ეს ბიჭები გმირები არიან და მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ბიჭები არ დაიბნენ და კატასტროფა ავიცილეთ თავიდან. ტექნიკური პრობლემა ვერტმფრენს არ ჰქონია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და ისინი გაგვცემენ პასუხს. რაც არის, ყველაზე მთავარი ბიჭები ცოცხლები არიან", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.