თეა წულუკიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

2017.08.10 11:27:24
თეა წულუკიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების პირველი ინსტანციისგან სიტყვიერი შენიშვნა საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო მიიღო. 

„თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წლის 21 იანვარს, ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა,“ - ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

 

მინისტრისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ სურს.

 

დავა თეა წულუკიანსა და უჩა ნანუაშვილს შორის გასულ წელს დაიწყო, როდესაც ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა დოკუმენტები ვერ მიიღო. ამის შემდეგ არასამთავრობომ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართა.

 

ინფორმაცია, რომელის დამალვაც თეა წულუკიანს კანონდამრღვევის სტატუსის ფასად დაუჯდა, სამინისტროში ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს და სხვა წარმომადგენლობით ხარჯებს ეხებოდა. რამდენი დახარჯა პრემიებში დანამატებში და მივლინებებში თეა წულუკიანის უწყებამ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ამ ინფორმაციას ისევ საგულდაგულოდ მალავს.

 

სასამართლო სხდომის და სკანდალური დადგენილების შემდეგ ირკვევა, რომ უწყებამ თანხმობა მხოლოდ 2016 წელს გაწეული ხარჯების გაცემაზე განაცხადა და ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციას რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. თუმცა, სადაო 2015 წლის მონაცემები ისევ დამალულია.