SOS! ადგილობრივ საქონლის ხორცსა და სხვა სურსათში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინეს

2017.07.27 10:58:51
SOS! ადგილობრივ საქონლის ხორცსა და სხვა სურსათში ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინეს

Momxmarebeli.ge- სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.

 

„ვინაიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საკმარისად არ გაავრცელა სუნელებისა და სხვა პროდუქტების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სეს-იდან და ვაქვეყნებთ. იხილეთ სეს-ის მიერ 2015-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული იმ დასახელების სუნელების სია, რომლებიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილებაში იყო შეტანილი.“ – წერს Momxmarebeli.ge.

 

მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, რომ ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია.

 

„სავარაუდოდ, 2017 წელს საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი გამოხატული დიდი ინტერესის შედეგია, რომ სუნელების გაცილებით მეტი ნიმუში შემოწმდა, ვიდრე წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სეს-მა ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილება ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის შემცველობის შესახებ 2015 წელს მიიღო.

 

გარდა ამისა, ვაქვეყნებთ იმ პროდუქტების სიას, რომლებშიც 2012-2017 წლებში სეს-მა ტყვიის გადამეტებული ოდენობა აღმოაჩინა.“ – აღნიშნავს Momxmarebeli.ge.

 

როგორც Momxmarebeli.ge წერს, ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. Momxmarebeli.ge ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია.