სკანდალი! ინდოელები წნორის ცენტრში მიცვალებულის დაწვას აპირებდნენ

2017.07.25 15:26:27
სკანდალი! ინდოელები წნორის ცენტრში მიცვალებულის დაწვას აპირებდნენ

ინდოელებმა წნორის ცენტრში მიცვალებული გამოიყვანეს და მისი დაწვა სცადეს.

 

შემთხვევა ქიზიყში, სიღნაღის რაიონში მოხდა. ინფორმაციას პორტალი euronews.ge ავრცელებს და რესპონდენტის ვინაობას, მისივე თხოვნით არ ასახელებს.

რესპოდენტი:

- სიღნაღის რაიონი, ეს ულამაზესი კუთხე, რომლის “სავიზიტო ბარათიც” ალაზნის ველია, უცხოელებმა დაიპყრეს. ,,ქართველთა მარშებს“ თბილისში რომ აწყობენ, საქართველო მარტო დედაქალაქია? აქეთაც გამოიხედონ რა ხდება, ჩალმიანების შემოსევა გვაქვს.

- ვინ არიან ჩალმიანები?

- წნორში, ბოლო წლებში უამრავი ინდოელი დასახლდა. მხოლოდ რუსებზე რომ ვლაპარაკობთ და აქციებს ვუმართავთ საზღვართან, ამათაც ,,მცოცავი ოკუპაციით“ დაგვიპყრეს. ჯერ რამდენიმე ინდოელი ჩამოვიდა და წნორში იყიდა ბინა, მერე სხვები ჩამოიყვანეს და ასე გამრავლდნენ. ამათ ჩინელები მიემატნენ და მოიწყეს ცხოვრება ამ ბარაქიან მიწაზე. ჩვენი ხალხი მონებად აიყვანეს, ტყავს აძრობენ შრომით და კაპიკებს უხდიან. საშინელი მდგომარეობაა, ეს იცის ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგენი არიან, ვინც არიან. წნორში, კომუნისტების დროს აშენდა ე.წ. „ზაგოზერნო“, იგივე ხორბლის გადამამუშავებელი დიდი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა. მერე ის ვიღაც ქართველმა შეისყიდა. ინდოელები რომ ჩამოვიდნენ, თავიდან ამ საწარმოში დაიწყეს მუშაობა, ისწავლეს როგორი პრინციპით მუშაობდა და ბოლოს მთელი საწარმო იყიდეს. ახლა ,,ზაგოზერნო“ მათი საკუთრებაა. მერე სახნავ-სათესი მიწებიც შეისყიდეს, ქართულ მიწაზე მოყვანილი ხორბლისგან ფქვილს აკეთებენ და ყიდიან. წნორიდან ლაგოდეხამდე რაც სახნავ-სათესი მიწაა, უმეტესობა უკვე მათი საკუთრებაა. ასეულობით ჰექტარი აქვთ, კიდევ ყიდულობენ და ზრდიან ქონებას.

- მხოლოდ ის ერთი ჯგუფი აკეთებს ამას, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ?

 - არა, რას ამბობთ. უკვე იმდენი არიან, ერთი დიდი სოფელი გაივსება. ჩამოჰყავთ და ჩამოჰყავთ ინდოელები. ამბობენ, რაც ჩვენს ქვეყანაში 1 ჰექტარ მიწაში უნდა გადავიხადოთ, აქ 100 ჰექტარი მოგვდისო. სახლებსაც ყიდულობენ. წნორის გვერდით არის სოფელი საქობო. წნორში და საქობოში ათეულობით სახლი გაიყიდა ინდოელებზე. რომ იყიდიან სახლს, მერე ანგრევენ და როგორც თავად სურთ ისეთ სახლს იშენებენ. პირველ რიგში სამლოცველო ოთახს იწყობენ. გაწამებულები ჰყავთ მშენებლები, რა თქმა უნდა, ქართველები. ააშენებენ ესენი, იმათ არ მოეწონებათ და ისევ ანგრევინებენ. შენობებს გარედან საოცარ ფერებად ღებავენ. ერთ სახლში უამრავი ინდოელი ცხოვრობს. რამდენიმე ინდოელი ქალიც ჰყავთ ჩამოყვანილი, მაგრამ ძირითადად კაცები არიან. ალბათ, თქვენც მიხვდებოდით, მათ აქვთ გარკვეული გეგმა.

- რა გეგმა?

- საქართველოს, კერძოდ კახეთის დაპყრობა სურთ ბრძოლის გარეშე, რაშიც ხელისუფლებაც ეხმარებათ. ბანკში რომ მივდივართ და რიგია, ქართველები ვდგებით რიგში. ისინი რიგში არ დგებიან. რომ დაინახავენ ბანკის თანამშრომლები მაშინვე უთავისუფლებენ ადგილს და ურიგოდ ემსახურებიან. რამდენჯერმე ვიჩხუბეთ ამის გამო და ბანკის მესვეურებმა გვითხრეს, ,,ზემოდან“ გვაქვს ბრძანება მიღებული, ეს ხალხი რიგში არ უნდა ჩავაყენოთო. ჯიპებით დაიბღინძებიან ინდოელები კახეთში, როგორც ფეოდალები ისე ცხოვრობენ. რამდენჯერმე ავარია მოახდინეს, მაგრამ პატრულმა მაშინვე გაუშვა და მეორე ავტომანქანის მძღოლს დააბრალა ყველაფერი. რაც უნდა დააშავონ, არავინ ეუბნება რამეს და გათავხედებულები არიან.

   

   ერთი წლის წინ, წნორში მაცხოვრებელი ინდოელი გარდაიცვალა. დანარჩებმა მიცვალებული წაიღეს წნორის ცენტრში, გზაჯვარედინზე, პოლიციის შენობის წინ და იქ უნდოდათ დაეწვათ. იძახდნენ, რომ მათთან ასეთი წესია, სოფლის ცენტრში წვავენ გარდაცვლილს და აქაც მოინდომეს ამის გაკეთება. ხალხი გამოცვივდა, პატრული მოიყვანეს, ქვეყანა შეიყარა და ამჯერად არ მისცეს ამის უფლება. გარკვეული დროის შემდეგ, როცა უფრო მეტნი იქნებიან, ალბათ, ამასაც გააკეთებენ და ქართულ სოფლებსა და ქალაქებში, ცენტრში დაწვავენ თავის მიცვალებულებს.

 

- ხალხი რატომ ყიდის უცხოელებზე ბინებს? მხოლოდ ხელისუფლებას რომ ადანაშაულებთ, ადგილობრივების დანაშაულს ამაში ვერ ხედავთ?

- ძალიან უჭირს ხალხს. გლეხის შრომა დაფასებული არ არის ჩვენს ქვეყანაში. შრომობენ სულის ამოხდამდე, მერე ან სეტყვა ანადგურებს ყველაფერს, ანდაც ვერ ყიდიან მოწეულ პროდუქტს. ბობოლა ქართველებს უცხოეთიდან შემოაქვთ სუპერმარკეტებში ბოსტნეული, ხილი და იაფად ყიდიან. ადგილობრივი გლეხები კი იძულებულნი არიან იმაზე ნაკლებად გაყიდონ. ჯამში, დახარჯულ თანხასაც ვერ იღებენ. მოკლედ, იძულებულნი არიან გაყიდონ და წავიდნენ ქალაქში ლუკმა-პურის საშოვნელად. კახეთში უამრავი სახლი იყიდება, რომ იტყვიან, ჩალის ფასად.

- და რა ფასში იყიდება სახლები?

- 1500 დოლარად იყიდეს ამას წინათ ინდოელებმა სოფელ საქობოში სახლი, გზის პირზე, რომელიც მაშინვე დაშალეს და ახალი ააშენეს.

- რას მეუბნებით? რატომ ყიდიან ასე იაფად სახლებს კახელები?

- ხომ გითხარით რატომაც ყიდიან. ჰოდა, ის უცხოტომელები სარგებლობენ ჩვენი ხალხის გასაჭირით. კანონიც არ უკრძალავთ მიწების ყიდვას და ყიდულობენ. მთავრობამ უნდა აკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა და ვეღარ იყიდიან.

- მთავრობა თუ არ კრძალავს, გლეხებიც ვეღარ მოახერხებენ მათთვის მიწების მიყიდვას. ასეთი რამ როგორ შეიძლება, ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს სიმდიდრეს, ჩვენს ქვეყანას, უცხო რატომ გაუფრთხილდება?

- რა ქნას ხალხმა, ზოგს ბანკის ვალი აქვს და იმის გამო, რომ გადაიხადოს, სულ არ დაკარგოს ყველაფერი და ღია ცისქვეშ არ დარჩეს, თავად ყიდის იაფად. ბანკს ვალს უსტუმრებს და ზოგჯერ თავადაც რჩება. ასეთებიც ხდება… ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და უცხოელზე მიწა არავის გააყიდინოს. ზოგი ამბობს, ინვესტიციას დებენ უცხოელები ჩვენს ქვეყანაში, რას ერჩითო? რად გვინდა ისეთი ინვესტიცია, თუ ტერიტორიებს დავკარგავთ? გეუბნებით, ვკარგავთ, თან შუაგულ კახეთში. ბარაქიანი მიწა გვეცლება ხელიდან ქართველებს და ხმას ვერ ვიღებთ.

- ხმას ვერ იღებთ კი არა, ხელს უწყობთ…

- ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერს ხალხს ნუ დააბრალებთ, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მათ უნდა მოვთხოვოთ კანონის მიღება, რომ აიკრძალოს უცხოელებზე მიწის გაყიდვა, სხვანაირად დავიღუპებით. ქართული მიწა ქართველებს აღარ გვექნება.