"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა" გაუჩინარებული ტყუპების ისტორია

2017.07.20 13:03:05
"გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა" გაუჩინარებული ტყუპების ისტორია

13 წლის ტყუპი ძმების, ნიკა და ლუკა ცანავების გაუჩინარებამ, არამარტო მათ ოჯახს დასცა თავზარი, მთელი ქვეყანა ააფორიაქა.

 

ძმები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ, დაიბარეს, რომ ეზოში სათამაშოდ მიდიოდნენ და მათი კვალი 3 დღის განმავლობაში გაქრა. ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ბავშვებს 24 საათიან რეჟიმში ეძებდნენ. ტყუპები სამართალდამცავებმა ბათუმის ბულვარში იპოვეს. როგორც გაირკვა, მოზარდებმა მეგობრებთან ერთად ზღვაზე გაპარვა გადაწყვიტეს და ეს იდეა სისრულეშიც მოიყვანეს. "სარკე" ძმებს სახლში ეწვია. აღმოჩნდა, რომ ცანავების ოჯახში 5 ბიჭია, აქედან ტყუპები ნაბოლარები არიან.

 

- ბავშვებო, ძალიან მიხარია ცოცხლებს და ჯანმრთელებს რომ გხედავთ, როგორ აღმოჩნდით ბათუმში?

ლუკა: მე, ჩემი ძმა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ფულს ვაგროვებდით, გვინდოდა, ბიჭებს გვექეიფა, მერე კი უცებ ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ.

ნიკა: როცა რაღაც გვინდა, ფულს ვაგროვებთ ხოლმე, ამ 150 ლარს 2 კვირის განმავლობაში ვინახავდით. სახლში ხან ძმები გვაძლევდნენ, ხან მშობლები და ასე მოვაგროვეთ.

 

- რომელს გაგიჩნდათ ზღვაზე გაპარვის იდეა?

ლუკა: ყველას ერთად, იმ დღეს დაახლოებით 2 საათზე სახლში ვთქვით, რომ ეზოში სათამაშოდ მივდიოდით. ეზოდან მეგობართან წავედით დიდუბეში. იქ დაგვიღამდა, სახლში დასაბრუნებლად მეტროს ვერ მივუსწარით. დიდუბეში დავრჩით, დილის 6-7 საათი იქნებოდა, ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ, ვთხოვეთ, უფასოდ ბათუმში წავეყვანეთ და მძღოლმა უარი არ გვითხრა.

ნიკა: მძღოლს ვუთხარით, ვითომ ფული არ გვქონდა, ქობულეთში რომ შევედით და ზღვა დავინახეთ, ბათუმი გვეგონა და შეცდომით იქ ჩამოვედით.

 

- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელაც არ გიფიქრიათ, რომ თქვენები საშინლად ინერვიულებდნენ?

ლუკა: თავიდან - არა, მაგრამ მერე - კი. ჩასვლის შემდეგ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, გვინდოდა, სახლში მეორე დღეს წამოვსულიყავით, მაგრამ გადავდეთ. დარეკვაც გვეშინოდა. პირველ დღეს, როცა ჩავედით, ნორმალურად ვერც კი დავიძინე, ისე ვინერვიულე.

 

- როგორ და ვინ გიპოვათ?

ლუკა: ბათუმის ბულვარში, სკამზე ვისხედით, დაცვის პოლიცია მოვიდა. ერთი წამით დაგველოდეთო, არსად წახვიდეთო. საპატრულო პოლიცის დაურეკეს, რომ მოვიდნენ, ჩვენი ფოტო გვანახეს, ესენი ხომ თქვენ ხართო. კი-მეთქი, ვუთხარი, ჰოდა წამოდითო და მაშინვე განყოფილებაში წაგვიყვანეს. სხვებმა როგორც კი დაგვინახეს, ესენი ხომ ის დაკარგული ტყუპები არიანო, კითხულობდნენ.

 

- როგორ გაატარეთ ის ორი დღე ზღვაზე, სად იარეთ, რა ნახეთ?

ნიკა: ის ორი დღე მართლა ძალიან კარგი იყო, ყველაფერი შემოვიარეთ, დიდ გემზეც ვისხედით, თუმცა მაინც ერთი და იმავე ადგილზე ვტრიალებდით, რადგან იქაურობა არ ვიცოდით.

 

- აჭარაში პირველად იყავით?

ნიკა: კი, მაგრამ ზღვა არ მოგვეწონა, ძალიან მარილიანი იყო, თბილისის ზღვა სჯობს.

 

- რატომ გდაწყვიტეთ, რომ მარტო წასულიყავით?

ლუკა: გვეგონა, რომ მარტოები უკეთესად გავერთობოდით.

ნიკა: მსგავსი იდეა სხვა დროს არ მოგვსვლია, უბრალოდ ახლა მოგვინდა ბათუმში წასვლა და წავედით.

 

- სახლში დაბრუნებას როდის აპირებდით ან როგორ?

- პოლიციამ რომ გვიპოვა, იმის მეორე დღეს ვაპირებდით. ისევ ისე ჩამოვიდოდით, როგორც წავედით.

 

- ოჯახის წევრები როგორ შეგხვდნენ, გაგიჯავრდნენ?

ნიკა: არა, ძალიან უნერვიულიათ, გეთქვათ ან დაგერეკათ, სად იყავითო, გვითხრეს.

 

- ნანობთ იმას, რაც ჩაიდინეთ? ოჯახის წევრების გარდა, თითქმის მთელი საქართველო ანერვიულეთ.

ლუკა: კი, ოჯახის წევრებისთვის უნდა გვეთქვა, სად მივდიოდით, ან იქიდან მაინც დაგვერეკა.

 

წყარო: „სარკე“