ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, გადასახადები დაწესდეს

2020.01.13 15:42:08
ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, გადასახადები დაწესდეს

ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამია, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

 

როგორვ კომიტეტის წევრი, დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

 

„ანგარიშში ცალსახად არ არის მითითება გაკეთებული, რომ აუცილებელია გადასახადის დაწესება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვიმსჯელოთ. ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, ეს არის კომპლექსური პროცესების ერთი ნაწილი. შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პოლიტიკა, შესაბამისი რეგულაციები. ნებისმიერი საკითხი, რომელიც დამატებით მოსაკრებელს უკავშირდება, ჩვენ ვაცნობიერებთ, ეს არის არის ძალიან სენსიტიური საკითხი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ვიმსჯელოთ და იმავდროულად შევიმუშაოთ ისეთი რეგულაციები, რომ ეს გარკვეულწილად ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს მოქალაქეებს და ოქროს შუალედი გამოვნახოთ. ავამაღლოთ გარემოს დაცვის სტანდარტები, თუმცა ეს არ იყოს ზედმეტი ეკონომიკური ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს გიორგი ხატიძე. აღსანიშნავია, რომ შეიძლება თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს.

 

"რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - ნათქვამია თემატურ დოკუმენტში.

 

შეგახსენებთ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ცნობისთვის, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, (ტრანსპორტი, მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვა), აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემას და გამოკვეთს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას. ამასთან, განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასა და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას, წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მაგალითებს.

 

 

წყარო : 2020news