ახალქალაქის და კუმურდოს მეუფე მთელი სოფლის გალავნით შემოსაზღვრასა და შესყიდვას გეგმავს

2019.11.07 12:25:56
ახალქალაქის და კუმურდოს მეუფე მთელი სოფლის გალავნით შემოსაზღვრასა და შესყიდვას გეგმავს

სოფელი ასფარა ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ისტორიულ სოფელში სულ 32 სახლი დგას და მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

ხალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებსა და ნაკვეთებს მასობრივად ყიდულობს. „ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე“, - აცხადებს მეუფე ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში.

ბინები და მიწის ნაკვეთები ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრზეა დარეგისტრირებული. 2013–18 წლებში ამ ორგანიზაციამ, რომლის დირექტორიც მეუფეა, ასფარაში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა.

მეუფეს ისპირიანების სახლის ყიდვაც სურს, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. „ჩემის სახლის ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ 3 000 დოლარი შემომთავაზეს. ამ თანხით რა უნდა ვქნა, ვერსად ვიცხოვრებ. 25 000 დოლარს თუ გადამიხდიან, მივყიდი“, – ამბობს ჰაირაპეტ ისპირიანი.

მიტროპოლიტი თითო სახლში 2500-2800 დოლარს იხდის და სოფელში „ოაზისის“ გაკეთებას აპირებს.

„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ნატურალური მეურნეობა იქნება. ყველგან კამერები დაყენდება და სახლის მფლობელს თავისი სახლის კონტროლი შეეძლება. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება.

 

 

 

საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. ბიზნესმენები გვეხმარებიან. მინდა, ნამდვილი ოაზისი გავაკეთო“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მიტროპოლიტის კომენტარს. მისივე თქმით, როცა მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.