საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი შესაძლოა შეიცვალოს ან გაუქმდეს

2019.11.04 13:29:45
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი შესაძლოა შეიცვალოს ან გაუქმდეს

გოგიტა თოდრაძე „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი  არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია შესაძლოა, გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს, ვინაიდან, საერთაშორისო დონეზე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს და ამ მაჩვენებელს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ითვლიან. ამის შესახებ თოდრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვის ან გაუქმების საკითხზე განხილვა პარტნიორ უწყებებთან და დაინტერესებულ პირებთან დაიწყოს.

„განვითარებულ ქვეყნებში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების პრაქტიკა არ არსებობს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხდება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას „საქსტატი“ ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. არსებული მეთოდოლოგიით, რომელიც, თუ არ ვცდები, 2003 წელსაა შემუშავებული, ხდება მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე დაკვირვება და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება მხოლოდ „საქსტატის“ კომპეტენცია არაა. მეთოდოლოგია იცვლება მთავრობის დადგენილებით და ანუს ინიცირების უფლება ერთობლივად „საქსტატს“, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აქვთ“, - აცხადებს თოდრაძე.

2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 189,9 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 168,2 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318,6 ლარია.