მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 42 დიზაინერი გამოვა

2017.05.03 09:26:36
მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე 42 დიზაინერი გამოვა

4-დან 8 მაისის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion week Tbilisi უმასპინძლებს. მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები და გამოფენები. 2017-18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.

სეზონი გამოირჩევა ექსპოზიციებისა და შოუების განსაკუთრებული მრვალფეროვნებით. დიზაინერები თავიანთი ჩანაფიქრის გადმოსაცემად სხვადასხვა სახელოვნებო ენას გამოიყენებენ: განსხვავებული განათება, გახმოვანება, ინსტალაციები, მუსიკა და სივრცე მათ საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ მოდა როგორც ხელოვნება და დააფიქრონ საზოგადოება, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და მოდის დიზაინს შორის. ჩვენებების და გამოფენების უმრავლესობას თანამდროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს.

რამდენიმე დიზაინერმა საკუთარი კოლექციის წარმოსადგენად განსხვავებული სივრცე აირჩია: რუსთაველის და სამეფო უბნის თეატრები, მწერალთა სახლი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბრეშუმის მუზეუმი, სასტუმროები “ROOMS”, „თბილისი მარიოტი”, გუდიაშვილის სკვერი და ფუნიკულიორი. Mercedes-Benz Fashion week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება.

მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები, ბაირები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue UK, Vogue Japan, Grazia , Figaro, W Magazine, Forbes USA. 5 მაისს სასტუმრო “რუმსში” მოდის სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანია “Lambert&Associates”-ს ექსპერტი პაოლა ალვეა დიზაინერებისთვის სპეციალურ სემინარს ჩაატარებს და საერთაშორისო გაყიდვების კუთხით რჩევებს მისცემს. მთელი მსოფლიოდან თბილისში თავმოყრილ მოდის კრიტიკოსებს და ბაიერებს თავის კოლექციას, სპეციალური სტუმრის სტატუსით «Mercedes-Benz Fashion week Madrid»-ის გაცვლითი პროგრამის რჩეული, ესპანელი დიზაინერი ხუან კარლოს პაჰარესი წარუდგენს. მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ თბილისშიც დასახელდება ის დიზაინერი, რომელიც მონაწილეობას ასეთივე გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნის მოდის კვირეულში მიიღებს.

Mercedes-Benz Fashion week Tbilisi-ს პარალელურად ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსი ”Benext” გაიმართება. წინასწარ შერჩეული 15 დიზაინერიდან საუკეთესოებს 8 მაისს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და მილანის მოდის აკადემიაში ერთწლიან სწავლას დაუფინანსებენ. Mercedes-Benz Fashion week Tbilisi-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება. Mercedes-Benz Fashion week Tbilisi-ს პარტნიორები არიან: “კოკა-კოლა” და ”Benext”.