თბილისობასთან დაკავშირებით, დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

2018.10.05 12:00:34
თბილისობასთან დაკავშირებით, დღეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღეს ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

 

 

 

კერძოდ, დილის 05:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე, აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

 

 

 

21:00 საათიდან შეზღუდვა გავრცელდება რესპუბლიკის მოედანზე. რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით.

 

 

 

მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი.

 

 

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

 

 

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, "თბილისობა" სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. 2018 წელს კი ეს თარიღი 6-7 ოქტომბერს ემთხვევა. 

 

 

 

7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება. გალაკონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.