თბილისში რიგით მესამე ბაროკოს მუსიკის ფესტივალი გაიმართება

2017.11.06 13:21:45
თბილისში რიგით მესამე ბაროკოს მუსიკის ფესტივალი გაიმართება

თბილისში რიგით მესამე ბაროკოს მუსიკის ფესტივალი გაიმართება. 

 

დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ფესტივალი 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე რუსთაველის თეატრში ჩატარდება. ერთი თვის განმავლობაში მსემენელის წინაშე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან. თბილისის ბაროკო ფესტივალის 2017 წლის პროგრამა, ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და სამეცნიერო ლექციებს.

 

გამორჩეულია  ფესტივალის ფარგლებში, 11 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი, რომელზეც ევროპულ მუსიკასთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი ბაროკოს ეპოქის ქართული მუსიკა და საგალობლები.

 

თბილისის ბაროკოს ფესტივალის ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კულტურის სამინისტრო, იტალიის საელჩო ,გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.