ამერიკული მედიის ცნობით, ბინ ლადენის შვილი მოკლულია

2019.08.01 20:14:52
ამერიკული მედიის ცნობით, ბინ ლადენის შვილი მოკლულია

“ალ-კაიდას” დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი, საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა. ინფორმაციას ამერიკული მედია დაზვერვის უწყების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდარის დეტალები უცნობია. გავრცელებულ ცნობებზე ოფიციალურ კომენტარს პენტაგონი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ ახმიანებენ. მისი გარდაცვალება ჯერ არც ტერორისტულ დაჯგუფებას დაუდასტურებია.

 

ჰამზა ბინ ლადენი “ალ-კაიდას” პოტენციურ ლიდერად მიიჩნეოდა. გავრცელებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებში ის აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე შეტევის მოწოდებებს ახმიანებდა. მასთან დაკავშირებით ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ის მთავრობას 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.

 

ცნობების თანახმად, ოსამა ბინ ლადენის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაშია დაღუპული. თუმცა ზუსტი დრო და ადგილი ცნობილი არ არის. აშშ-ის მედია მხოლოდ იმას წერს, რომ ჰამზა ბინ ლადენი დაიღუპა სამხედრო ოპერაციის დროს, რომელშიც აშშ-ის ძალებიც ფიგურირებდნენ.

 

ჰამზა ბინ ლადენი აშშ-ს საერთაშორისო ტერორისტად ჰყავდა გამოცხადებული. ქვეყნის მთავრობა მის შესაძლო ადგილსამყოფელად პაკისტანს, სირიას, ერაყსა და ირანს ასახელებდა.

 

 

წყარო: ალია