მღვდლებს სახელმწიფო ხელფასს აღარ გადაუხდის

2018.11.09 11:52:42
მღვდლებს სახელმწიფო ხელფასს აღარ გადაუხდის

საბერძნეთში მართლმადიდებელ მღვდლებს სახელმწიფო ხელფასს აღარ გადაუხდიან. შესაბამისი შეთანხმება. რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნის გზაზე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსა და ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს იერონიმე II-ს შორის გაფორმდა.

 

 

მღვდლები და ეპისკოპოსები სახელმწიფო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან . როგორც იუწყებიან, აღნიშნული შეთანხმება 10 ათასზე მეტ ღვთისმსახურს შეეხება.

 

მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მართლმადიდებლობა საბერძნეთის სახელმწიფო რელიგიად ითვლება.

 

სახელმწიფოსა და ეკლესიის ლიდერებმა გაანცხადეს, რომ სახელმწიფო გამოყოფს სუბსიდიებს, რომელიც მღვდლების ხელფასს მოხმარდება, თუმცა ისინი დაკარგავენ სახელმწიფო მოხელეთა სტატუსს.

 

საბერძნეთი, ბოლო წლებში იძულებულია საერთაშორისო სესხებით ისარგებლოს და მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს საჯარო სექტორის ხარჯების შესამცირებლად. 2015 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა 18% სწორედ საჯარო მოხელეს წარმოადგენდა.

 

ყოველწლიური სუბსიდიის ოდენობა 200 მილიონ ევროს შეადგენს და ის მღვდლების რაოდენობის გაზრდა-შემცირების მიუხედავად უცვლელი იქნება.

 

თავის მხრივ ეკლესიამ პირობა დადო, რომ სახელმწიფოს დაბრკოლებებს არ შეუქმნის იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებაში რელიგიის წონა შემცირდება და სახელმწიფო ქონებაზე პრეტენზიას აღარ გამოთქვამს.

 

უძრავ ქონებაზე დავა 1952 წლიდან მიმდინარეობს. ახალი შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება ერთობლივი ფონდი, რომლითაც ეკლესია და სახელმწიფო სადავო მიწის ნაკვეთებზე მშენებლობას ერთად აწარმოებენ. შემოსავლები და ხარჯები კი თანაბრად გაიყოფა. ციპრასისა და იერონიმ II-ის შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი და ეკლესიის იერარქები დაამტკიცებენ.