"თან ვტირი და თან ვწერ- არავის ვუსურვებ, სიკვდილის თვალებში ჩახედვას!"

2017.09.12 11:24:10
"თან ვტირი და თან ვწერ- არავის ვუსურვებ, სიკვდილის თვალებში ჩახედვას!"

ფლორიდაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მანან ფრუიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

 

”თან ვტირი (სიხარულისგან) და თან ვწერ… ამ რამოდენიმე კვირის წინ ავბუზღუნდი ჩემებურად, უნდა გავასუფთაო მეგობრების სია- მეთქი. გავასუფთაო კი არა, კრინტის დამძვრელი არ ვარ, ამის შემდეგ, “სამარე ვარ!” ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მიყვარხართ თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ! მეგობარი ისაა, ვისაც შენი ბედნიერების გაზიარება შეუძლია და შენი სიხარულით ხარობსო… ყველას თავისებური ხედვა აქვს და თავისებურად სჯის.

მე, მუდამ ვთვლიდი, რომ გაშლილ სუფრაზე ყველა შენი მეგობარია, მაგრამ გაჭირვების დროს მეგობრობა და თანადგომა, თუნდაც სიტყვით გამხნევება, თუნდაც ის, რომ ცდილობს გაგრძნობინოს როგორ ფიქრობს და დარდობს შენზე, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მეგობრობის გამოხატულებაა! არასოდეს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და მეგონა, არ ვნერვიულობდი. ვიდეო დავდე და მეგობარმა მითხრა, წაშლილი ხმა გაქვსო…

არავის ვუსურვებ, სიკვდილის თვალებში ჩახედვას! თქვენ მე რწმენა გამიძლიერეთ და იმედი მაჩუქეთ, სითბოში და სიყვარულში ჩამფალით, ყურადღება ხომ წამი რაა, წამითაც არ მომკლებია. ყოველ წამს მომდიოდა მოკითხვის, თანადგომის და რჩევის მესიჯები… ამ მეგონა, მართლა არ მეგონა, ამდენი ადამიანი თუ მედგა გვერდით და საერთოდ, თუ მიცნობდა ფეისბუკიდან … ეს იყო გამაოგნებელი, არნახული თანადგომა! იყო ვედრება, სიყვარულში გამოტყდომა, ლოცვა, რჩევა, შეძახება, საყვედური, სითბო და რა ვიცი… მწერდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც , არც კი ვიცოდი, მეგობრებში თუ მყავდნენ და მრცხვენოდა, რომ ასე უყურადრებოდ იყვნენ ჩემგან. მადლობა, თუნდაც მილიონჯერ ნათქვამი, მაინც არ იქნება საკმარისი იმ სამადლობელის გადასახდელად, რაც თქვენ ჩემგან გეკუთვნით!.. არ არსებობს სიტყვები, ჩემი თქვენდამი მადლიერება რომ გამოხატოს. ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება ეს დაუზარელი, დაუსრულებელი მოკითხვით და სიყვარულით სავსე გზავნილებით გამოწვეული ემოცია…

უფალს შევთხოვ, ჯანმრთელი და დალოცვილი მიმყოფოს თითოეული თქვენთაგანი და თქვენი სიყვარული სიყვარულითვე გადამახდევინოს! იმის მეასედსაც ვერ ვწერ და გამოვხატავ, რასაც განვიცდი … მიყვარხართ, უზომოდ და უსასრულოდ", წერს მანანა ფრუიძე.