ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სამგლოვიარო-საპროტესტო აქცია გაიმართა

2019.01.16 13:38:47
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე სამგლოვიარო-საპროტესტო აქცია გაიმართა

,,დაარეგულირე სიცოცხლისთვის"- ამ სლოგანით ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

მოქალაქეები ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და წყალტუბოს გზაზე იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ორი დღის წინ ავარიით სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

აქცია გუშინ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 14 იანვარს წყალტუბო-ქუთაისის გზაზე საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეების განცხადებით მათი მთავარი მოთხოვნაა ამ მონაკვეთზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს.

"ამ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.