მეცნიერებმა ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველების ახალი მეთოდი შექმნეს

2019.01.14 14:16:33
მეცნიერებმა ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველების ახალი მეთოდი შექმნეს



ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ნაწლავის მიკროფლორის მიხედვით ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დადგენის მეთოდი შეიმუშავეს. თუ ანალიზის დროს საშიში ნიშნები გამოვლინდა, ბიოლოგიური ასაკის შესახებ მონაცემების გამოყენება ადამიანის უდროოდ სიკვდილის აღსაკვეთად შეიძლება. სამეცნიერო ნაშრომის შედეგები bioRxiv-ზე ქვეყნდება.

ადამიანის ნაწლავში უამრავი ბაქტერიაა, რომელთა უჯრედების რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს თავად ორგანიზმის უჯრედებს. ცნობილია, რომ მიკროფლორა იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ქმნის ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებებს, ასევე გავლენას ახდენს დაბრების პროცესზე. რადგან ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობა ცხოვრების განმავლობაში იცვლება, რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად რომელი ბაქტერიებია დაკავშირებული გარკვეული დაავადებების და დაბერების რისკთან.

ახალ კვლევაში 1165 ადამიანი (20-დან 90 წლამდე ასაკის) მონაწილეობდა. მათგან ნაწლავის მიკრობიობის 3663 ნიმუში აიღეს. ბიოლოგებმა ყველა ცალკეულ შემთხვევაში მიკროფლორის შემადგენლობა განსაზღვრეს და ის კვლევაში მონაწილეთა ბიოლოგიურ ასაკს დაუკავშირეს. მიღებული მონაცემები, რომლებიც მიკროორგანიზმის თითოეული სახეობის თვისებებს მოიცავდა, ნეირონული ქსელის ღრმა შესწავლისთვის გამოიყენეს. 

როგორც ტესტირებამ აჩვენა, „გაწრთვნილი“ ნეირონული ქსელი ადამიანის ასაკს მისი მიკროფლორის შემადგენლობის მიხედვით 3,94 წლის ცდომილებით წინასწარმეტყველებდა. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს განსაზღვრავს მიკროორგანიზმების 39 ტაქსონი (საფეხური).

აღმოჩნდა, რომ დაბერება ნაკლებადაა დაკავშირებული ნაწლავში სასარგებლო ან მავნე ბაქტერიების არსებობასთან. გარდა ამისა, მოხუცი ადამიანებისათვის დამახასიათებელი მიკროორგანიზმები აუილებლად არ უწყობს ხელს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას.