112 სასწრაფო დახმარების მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოძახებისკენ მოუწოდებს

2019.01.09 18:54:12
112 სასწრაფო დახმარების მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოძახებისკენ მოუწოდებს

112 მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.



შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის
ცენტრი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში "112" იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს.

ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. "112", ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ცენტრები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

5 სხვადასხვა კლინიკაში პაციენტებს 24 საათის განმავლობაში იღებენ. ბოლო მონაცემებით, „ღორის გრიპით“ საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.