პატრიარქის განცხადება :ჩვენ ხშირად ვღებულობთ ღმერთისგან დახმარებას ,მაგრამ მადლობას არ ვწირავთ ნას

2018.12.23 20:45:54
პატრიარქის განცხადება :ჩვენ ხშირად ვღებულობთ ღმერთისგან დახმარებას ,მაგრამ მადლობას არ ვწირავთ ნას

"ჩვენ ხშირად ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ მას", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ილია მეორემ სახარებიდან იესოსა და კეთროვნების შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ყოველთვის უფლის მადლიერი უნდა იყოს და ღვთის მადლიერება არ დაავიწყდეს. „ჩვენ ლოცვაში - მომეცი უფალო, მილხინე უფალო, ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას. დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი ავადმყოფები: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილი. მაცხოვარი ეუბნება -წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, რომ ის მორჩენილია, თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან. როცა წავიდნენ მოძღვართან, გზაში განიკურნენ და ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და ჰმადლობდა უფალს. უფალი ეუბნება - ათნივე ხომ განიკურნენ, ცხრანი სადღა არიან? ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას - ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. იმ ცხრამ ვერ იპოვა სულიერი ძალა, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. ეს იყო სამარიტელი. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც გვითხრას, სარწმუნოებამან გაცხოვნა შენ", - ბრძანა კათოლიკოს- პატრიარქმა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მრევლს სიყვარულისთვის და აღნიშნა, რომ 23 დეკემბერი მისი პატრიარქად არჩევის დღეა და რომ არ ყოფილიყო მრევლის დახმარება, ის ვერ შეძლებდა ამდენი წლის განმავლობაში მძიმე ჯვრის ტვირთვას.

"დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს. დღეს მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ჩვენი ეკლესიის სახელით, ერის სახელით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე. 23 დეკემბერს შედგა კრება წმიდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს, აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი. დიდება და მადლობა უფალს, მადლობელი ვარ თქვენი, ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ტვირთვას“, - აღნიშნა პატრიარქმა.