დავით ოქიტაშვილი: ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილისგან

2018.12.20 13:16:43
დავით ოქიტაშვილი: ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილისგან

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს -  მთავარი მოთხოვნა ნინო ანანიაშვილის მიერ ხელმძღვანელი პოზიციის დათმობა ან მეუღლის შეხედულებებისგან გამიჯვნა იქნება. ბრიფინგს დაესწრო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ნუგზარ მახათელი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მან ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებლში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობასა და სწავლის სისტემის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა საბალეტო ხელოვნებაში, როგორც მსახიობი, მაგრამ არა, როგორც დასის ხელმძღვანელი.

ოქიტაშვილი რუსეთში გამართულ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლასაც ეხმაურება. მისთვის მიუღებელია კონცერტზე გამოსვლა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ესწრება და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, თითქოს პაატა ბურჭულაძემ ვლადიმერ პუტინის იქ ყოფნის შესახებ არ იცოდა, რადგან ასეთი მასშტაბის კონცერტებზე დამსწრე საზოგადოების შესახებ ინფორმაცია თვეებით ადრე ხდება ცნობილი.

მისი თქმით, ბურჭულაძეს შეეძლო პუტინის დანახვის შემდეგ ჩამოსულიყო სცენიდან და ამით გმირი გამხდარიყო. დავით ოქიტაშვილი ოპერაში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო. მისი განცხადებით, დაუშვებელია ოპერას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომლის მეუღლეც მთავრობის დამხობაზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, თეატრში კრიზისული ვითარებაა, ოპერის მომღერლებს არ აქვთ წესიერად მუშაობის საშუალება, შეზღუდულია საოპერო და საბალეტო დასის უფლებები და ორმაგი სტანდარტებით იმართება.