კობახიძე: პოლიციელების შეურაცხყოფა არ შეიძლება ყოველდღიურობა გახდეს, ამაზე საჭირო იყო პასუხი

2018.12.20 12:50:09
კობახიძე: პოლიციელების შეურაცხყოფა არ შეიძლება ყოველდღიურობა გახდეს, ამაზე საჭირო იყო პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ შეიძლება რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ყოველდღიურობა გახდეს. კობახიძის თქმით, მომხდარზე საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხი. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.=

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად  იყო.